სირიაში ქურთმა მებრძოლებმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ფინალური ოპერაცია დაიწყეს
სირიაში ქურთმა მებრძოლებმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ფინალური ოპერაცია დაიწყეს

სირიაში ქურთმა მებრძოლებმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ფინალური ოპერაცია დაიწყეს. სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლებმა ტერორისტული დაჯგუფების მიერ დაკავებულ უკანასკნელ ტერიტორიას შეუტიეს.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარმოებული ანტიტერორისტული კოალიციის მთავარი მოკავშირეების ოპერაცია დაირ-ევ-ზავრის პროვინციაში მიმდინარეობს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სირიიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან „ისლამური სახელმწიფო“ დამარცხებულია.

2018 წლის სექტემბერში ქურთმა მებრძოლებმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაცია შეაჩერეს. მიზეზი თურქეთის მხრიდან განხორციელებული შეტევები იყო. ანკარაში ქურთ მებრძოლებს ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევენ.

საქმე ეხება ერაყის საზღვართან ახლოს არსებულ ორ დასახლებას, რომლებსაც ამ დრომდე ტერორისტები აკონტროლებენ. აღნიშნული რეგიონის დიდი ნაწილი 2018 წლის დეკემბერში რადიკალებმა უკვე დატოვეს. ოპერაციის დაწყებამდე რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეების ევაკუაცია განხორციელდა. საერთო ჯამში ტერიტორია 20 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.