სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა პოზიციები დათმეს
სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა პოზიციები დათმეს

სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ასობით მებრძოლმა პოზიციები დათმო. ტერორისტული დაჯგუფების დიდმა ნაწილმა მათ მიერ დაკავებული უკანასკნელი რეგიონი დატოვა. სპეციალური კორიდორის საშუალებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 7 ათასამდე მშვიდობიანი მოსახლის ევაკუაცია განხორციელდა.

სირიაში, ერაყის საზღვართან ახლოს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ფინალური ოპერაცია მიმდინარეობს. ტერორისტული დაჯგუფების წევრებს ქალაქი შიგნიდან ჰქონდათ გამაგრებული. ამიტომ, მშვიდობიანი მოსახლეობის სრული ევაკუაცია ვერ ხორციელდებოდა.

სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლების განმარტებით, ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაცია უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება. ამ მომენტისთვის რადიკალებს ევფრატის სანაპიროზე არსებულ დასახლებაში გარკვეული ადგილები აქვთ გამაგრებული, თუმცა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა ტერიტორიის დიდ ნაწილზე კონტროლი უკვე დაკარგეს.