სირიაში აშშ-ის წარმომადგენელი - ქურთ მებრძოლებს პოზიციების შესანარჩუნებლად სამხედრო ძალა არ აქვთ, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ზავი უკეთესია
სირიაში აშშ-ის წარმომადგენელი - ქურთ მებრძოლებს პოზიციების შესანარჩუნებლად სამხედრო ძალა არ აქვთ, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ზავი უკეთესია

სირიაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს ჯეფრის განცხადებით, აშშ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავს იმის გამო უჭერდა მხარს, რომ სირიელი ქურთი მებრძოლები ვერ შეინარჩუნებდნენ პოზიციებს.

„ჩვენი შეფასებით, ქურთ მებრძოლებს არ აქვთ სამხედრო ძალა, რომ თურქეთის შეტევას გაუძლონ და პოზიციები შეინარჩუნონ, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ზავი უკეთესია. ეს ქაოსურ სიტუაციის გაკონტროლების საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

მისივე თქმით, აშშ-მა და თურქეთმა განსაზღვრა უსაფრთხოების 30-კილომეტრიანი ზონა, სადაც თურქები ოპერირებენ.

„ახლა თურქები მართავენ დისკუსიას რუსებთან და სირიელებთან სხვა ტერიტორიებთან დაკავშირებით, მანბიჯში, ევფრატიდან დასავლეთით“, – განაცხადა აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიაში.