სირიაში აცხადებენ, რომ დამასკოს მახლობლად ისრაელმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა
სირიაში აცხადებენ, რომ დამასკოს მახლობლად ისრაელმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა

სირიაში აცხადებენ, რომ ისრაელმა დამასკოს მახლობლად სარაკეტო დარტყმები განახორციელა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სირიის სახელმწიფო მედიამ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ისრაელის მხრიდან გასროლილი რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო, რამდენიმე კი დამასკოს მახლობლად ჩამოვარდა. მედიის ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია და მხოლოდ მატერიალური ზიანი მოჰყვა.

სირიის მიმართულებით რაკეტების გაშვებასთან დაკავშირებით ისრაელს კომენტარი არ გაუკეთებია. ისრაელის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ სირიის მიერ სარაკეტო დარტყმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციამდე, სირიის ტერიტორიიდან გასროლილ იქნა „მიწა-ჰაერის“ ტიპის რაკეტა, რომლიც ხემლთაშუა ზღვაში აფეთქდა. აფეთქებას ცენტრალური ისრაელის მაცხოვრებლებიც ადასტურებენ.

ისრაელი ხშირად ახორციელებს სირიაში სარაკეტო დარტყმებს იმ ობიექტებზე, რომლებიც ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ არის დაკავშირებული.

სირიამ ისრაელის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის შესახებ ბოლოს 19 აგვისტოს განაცხადა.