სირიაში 200 ოჯახი „ისლამური სახელმწიფოს“ ტყვეობაშია
სირიაში 200 ოჯახი „ისლამური სახელმწიფოს“ ტყვეობაშია

სირიაში 200 ოჯახი „ისლამური სახელმწიფოს“ ტყვეობაში რჩება. ინფორმაციას გაერო ავრცელებს. როგორც გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, ქალაქ ბაღუზში ქალები და ბავშვები იმყოფებიან, რომელთაც ქვეყნის დატოვების საშუალებას ტერორისტები არ აძლევენ. ბაჩელეტი მოითხოვს, რომ ამ ოჯახებს სახიფათო ზონის დატოვების შესაძლებლობა მისცენ.

„ისინი კი, ვინც ქვეყნის დატოვებაზე უარს ამბობს, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ“, – განაცხადა ბაჩელეტმა.

სირიელმა ქურთებმა და არაბმა მებრძოლებმა, რომელთაც მხარს აშშ-ი უჭერს, ბაღუზის დასაკავებლად შეტევა 9 თებერვალს წამოიწყეს. ეს არის უკანასკნელი დასახლებული პუნქტი, რომელსაც ჯერ კიდევ ტერორისტები აკონტროლებენ.