„სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წარმომადგენლებმა „ტვ პირველთან“ მხარდამჭერი აქცია გამართეს
„სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წარმომადგენლებმა „ტვ პირველთან“ მხარდამჭერი აქცია გამართეს

მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ წარმომადგენლებმა ტელეკომპანია „პირველთან“ აქცია გამართეს. ისინი ტელეკომპანიებს, რომელთაც გადასახადების გადაუხდელობის გამო ინკასო დაედოთ, მხარდაჭერას უცხადებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლება კრიტიკულ მედიასაშუალებებს აჩუმებს.

სირცხვილიას“ წარმომადგენლის, ნოდარ რუხაძის განცხადებით, მედიასაშუალებების მიმართ მსგავსი ქმედებები მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას არჩევნებისთვის ველის გასუფთავება სურს.

„დღევანდელი აქცია არის თავისუფალი სიტყვის მხარდასაჭერად, რადგან ბიძინა ივანიშვილი მაქსიმალურად ცდილობს, ქვეყანაში შეზღუდოს რეალური და მთავარი წინაპირობა, რაც არის თავისუფალი მედია და თავისუფალი სიტყვა. ზეწოლა „ტვ პირველზე“, კავკასიაზე“, „რუსთავი 2“-ზე“, „მთავარ არხსა“ და „ფორმულაზე“, მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ივანიშვილს სჭირდება ველის მოსუფთავება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – განაცხადა რუხაძემ და აღნიშნა, რომ ისინი ტელევიზიების მხარდასაჭერად დადგებიან.

მხარდამჭერ აქციას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომლებიც შეუერთდნენ.

ანალოგიური აქცია დღეს ტელეკომპანია „კავკასიასთანაცგაიმართა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, „რუსთავი 2“-ს, „ტვ პირველსა“ და „კავკასიას“ პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანების გადაუხდელობის გამო ინკასო დაედო.