„სიონის“ დირექტორი - ფინანსური პრობლემები მაქსიმალურად ავიცილეთ
„სიონის“ დირექტორი - ფინანსური პრობლემები მაქსიმალურად ავიცილეთ

ეროვნული ლიგა2-ის გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი ბოლნისის „სიონი“ სეზონის განახლებისთვის თბილისში, დიდი დიღმის სპორტულ ცენტრში ემზადება.

კოვიდ 19-ით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგა-2-ის გათამაშება, დიდი ალბათობით, 13 ივლისს განახლდება. ქობულეთის „შუქურა“ „ჩელე არენაზე“ ზუგდიდის „დინამოს“ უმასპინძლებს, ხოლო „გაგრა“ – თბილისის „შევარდენი 1906“-ს თბილისში, მუხიანის სპორტულ კომპლექსში შეხვდება. ეროვნული ლიგის მსგავსად, ლიგა-2-შიც მატჩები სამ დღეზე გადანაწილდა და 15 ივლისს დასრულდება.

ბოლნისური გუნდი პანდემიის პერიოდში იშვიათი გამონაკლისი იყო, სადაც გუნდის წევრებს ხელფასები არ შეუმცირეს. გუნდის მთავარი მწვრთნელი დავით ქოქიაშვილი იმედოვნებს, რომ ფინანსური სტაბილურობა გუნდს ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარება. „სიონში“ სამი ახალწვეულიცაა – მათ შორის, ვილი ისიანი, რომელიც მშობლიურ კლუბს ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

ლევან სანიკიძე, „სიონის“ დირექტორი: „საბედნიეროდ, ჩვენ მოვახერხეთ და ფინანსური პრობლემები მაქსიმალურად ავიცილეთ, რაც ჩვენი გენერალური სპონსორის დამსახურებაა. გუნდში ხელფასები 100 პროცენტით რიგდება და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გუნდს არ გაუჭირდება. ეს წარმატებისა და წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია“.

დავით ქოქიაშვილი, „სიონის“ მთავარი მწვრთნელი: „თავიდან ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაზე არ ვფიქრობდით – მოგეხსენებათ, რომ ჩემი მოსვლის დროს ბევრი ბევრი რამ მოსაგვარებელი იყო, მაგრამ გუნდში ვითარება დალაგდა, ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, შემადგენლობაში კარგი და გამოცდილი მოთამაშეები გვყავს და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ლიგაში წარმატების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატები ვიქნებით“.

ვილი ისიანი, „სიონის“ თავდამსხმელი: „ბოლნისის „სიონი“ ჩემთვის მშობლიური კლუბია და გამიხარდა, როდესაც მიმიწვიეს. ბევრი არც მიფიქრია, ისე დავბრუნდი. იმედი მაქვს, რომ გუნდი სეზონს წარმატებით ჩაატარებს და ეროვნულ ლიგაში დაბრუნდება. მსურს, რომ „სიონს“ ამაში დავეხმარო“.

 

დატოვე კომენტარი