„სიონი“ კობახიძეს დაემშვიდობა - ბოლნისელებმა ჩელებაძე და „საბურთალოს“ თავდამსხმელი დაიმატეს #1TVSPORT
ბოლნისის „სიონიდან“ ვარლამ კილასონიას წამოსვლის შემდეგ, გუნდში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები მოხდა.
ბოლნისის „სიონი“ სანდრო კობახიძეს დაემშვიდობა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის, შრომითი ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
ასევე მოხდა ავთო ენდელაძის შემთხვევაშიც – მან „სიონთან“ შრომითი ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. ნახევარმცველი კარიერას „სამტრედიაში“ გააგრძელებს.
ამავე დროს, გუნდში ოთხი ახალწვეულია. „სიონის“ მაისურს გიორგი კახელიშვილი, ნიკა ღამბარაშვილი, გიორგი ჩელებაძე და ბექა გაბისკირია მოირგებენ.
„ტრანსფერები ამით არ სრულდება, სიონის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას აწარმოებს, „საბურთალოსთან“. თითქმის მიღწეულია შეთანხმება თომა ტაბატაძესთან დაკავშირებით. თავდამსხმელი ბოლნისურ კლუბში იჯარის წესით ითამაშებს“, – წერია ბოლნისელთა პრესსამსახურის ცნობაში.
განახლებული შემადგენლობით „სიონი“ ეროვნული ლიგა 2-ის მე-18 ტურის შეხვედრას სტუმრად, თბილისის „მერანის“ წინააღმდეგ 24 ივნისს „სპაერის” სტადიონზე გამართავს. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.