სიომინი კვარაცხელიას „მილანში“ წასვლას არ ურჩევს - ხვიჩას უფრო ესპანეთი და ნიდერლანდები შეეფერება #1TVSPORT
მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ტელეკომპანია RT-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ევროპაში საუკეთესო კლუბების დაინტერესებაზე კომენტარი გააკეთა.
„მე ვფიქრობ, რომ ხვიჩასთვის უფრო ადვილი იქნება „მილანში“ დამკვიდრება, ვიდრე მირანჩუკისთვის – „ატალანტაში“. მაგრამ იტალიის ჩემპიონატი ძალიან რთულია. ვფიქრობ, ხვიჩას ესპანეთის პრიმერა ან ჰოლანდიის ჩემპიონატი უფრო შეეფერება. ამ ქვეყნებში უფრო შემტევი ფეხბურთია და ქართველი თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენას შეძლებს. მაგრამ გუნდზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული“, – ამბობს სიომინი.
რუსმა მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესზეც ისაუბრა. ექსპერტის აზრით, ფეხბურთელს დიდი პოტენციალი აქვს.
„უპირველესად, ის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ბიჭია. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. მეორეც, ხვიჩა მიზანმიმართულია. მესამე, ის სლუცკის კარგ ხელში და კარგ გუნდში აღმოჩნდა, რომელშიც მუდმივად პროგრესირებს. კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებშიც თავი ჩინებულად გამოავლინა. მას სიამოვნებს ფეხბურთი. ამავდროულად, მისი ტექნიკური უნარის დონე უფრო და უფრო იზრდება. მას კიდევ უფრო დიდი პოტენციალი გააჩნია”, – ამტკიცებს სიომინი.
გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელიათი დაინტერესებულ კლუბებში იტალიური „მილანი“ აქტიურობს. ასევე ვრცელდება ცნობები, რომ ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მიუნხენის „ბაიერნი“ ავლენს, სადაც ზაფხულში გუნდის განახლება იგეგმება.