Tuttomercatoweb - „მილანი“ მუდმივ კონტაქტშია კვარაცხელიას აგენტთან, „იუვენტუსმა“ უკანა რიგში გადაიწია #1TVSPORT
Tuttomercatoweb - „მილანი“ მუდმივ კონტაქტშია კვარაცხელიას აგენტთან, „იუვენტუსმა“ უკანა რიგში გადაიწია #1TVSPORT

„მილანი“ ტურინის „იუვენტუსს“ უსწრებს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერისთვის ბრძოლაში, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb ავრცელებს. 

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფლანგის თავდამსხმელის შესახებ იტალიურ მედიაში მცირე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტურინის „იუვენტუსისა“ და „მილანის“ სკაუტები კვარაცხელიას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე საქართველო-ესპანეთის ნაკრებებს მატჩის დროს (1:2) დააკვირდებოდნენ.

28 მარტს, 20 წლის კვარაცხელიამ ესპანეთის კარში გოლი გაიტანა, ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა და მის მიმართ ინტერესი ასმაგად გაიზარდა.

„ახლა „მილანი“ მუდმივ კონტაქტშია კვარაცხელიას აგენტთან, რომელიც იტალიას უახლოეს მომავალში ეწვევა. „იუვენტუსმა“ ფეხბურთელისთვის ბრძოლაში უკანა რიგში გადაიწია. ქართველი ნახევარმცველისადმი ინტერესი ასევე „ნაპოლისა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ გააჩნიათ. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიას გადაბირება მიუნხენის „ბაიერნსაც“ სურს“, – წერს იტალიური ინტერნეტ-პორტალი.

კვარაცხელიამ ამ სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგის 21 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა, ოთხი საგოლე პასი გააკეთა, ოთხი პენალტი მოპოვა და ხუთჯერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. 2022 წლის მარტის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშებში ესპანეთისა და საბერძნეთის ეროვნული გუნდებთან კვარაცხელიამ ორი გოლი გაიტანა.