„სინოვაკით“ ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება
„სინოვაკით“ ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება

„სინოვაკის“ ვაქცინით მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესი საქართველოში დღეიდან დაიწყება. ქვეყანაში ამ დროისთვის „სინოვაკის“ ვაქცინის 100 ათასი დოზაა.

„სინოვაკის“ ვაქცინით აცრისთვის მოქალაქეთა რეგისტრაცია 21 მაისიდან დაიწყო. ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც სპეციალურ პორტალზე, ასევე ტელეფონის ნომერზე 15 22.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, „სინოვაკის“ ვაქცინა, „სინოფარმის“ მსგავსად, ინაქტივირებული ვაქცინაა. ოფიციალური მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნისთვის მიწოდებულია 260 მილიონი დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, „სინოვაკის“ ვაქცინა დადებითად შეფასდა იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (The Strategic Advisory Group of Experts on Immunization (SAGE) მიერ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, „სინოვაკის“ ვაქცინას გვერდითი მოვლენები მინიმალურად და მსუბუქი ფორმებით ახასიათებს. მისივე ინფორმაციით, კვლევებმა აჩვენა, რომ აღნიშნულ ვაქცინას ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მაჩვენებელი 85 პროცენტიდან 100 პროცენტამდე აქვს.

იმნაძის თქმით, აღნიშნული ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციას სავარაუდოდ უახლოეს დღეებში მიიღებს.