სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მნიშვნელოვნად დაცხება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში 6-7 აგვისტოს შესაძლებელია 40 გრადუსს, ხოლო 7-9 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში 39 გრადუსს გადააჭარბოს.

6–7 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

გარემოს ეროვნული სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ხელს შეუწყობს ტყის ხანძრების გაჩენას.

დღესვე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა გაფრთხილება, რომ ერთი კვირის განმავლობაში მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკი. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. გასათვალისწინებელია, რომ შესაძლებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენების თვითაალება. შესაბამისად, ნუ დაანაგვიანებთ გარემოს. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს“, – აღნიშნავენ უწყებაში.

დატოვე კომენტარი