სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ტემპერატურის მკვეთრი დაკლება არქტიკული ცივი ჰაერის მასების გავრცელებამ გამოიწვია.

როგორც გვაზავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ტემპერატურა განსაკუთრებით მაღალმთიან რაიონებში დაეცა. ზოგიერთ რაიონში კი მოთოვა.

„პარასკევიდან საქართველოს ტერიტორიაზე ვრცელდება არქტიკული ცივი ჰაერის მასები, რამაც ტემპერატურის მკვეთრი დაკლება გამოიწვია. ტემპერატურა განსაკუთრებით დაეცა მაღალმთიან რაიონებში. წუხელ კარგად თოვდა ბაკურიანში, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და გუდაური-სტეფანწმინდის მიდამოებში. ასევე დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებშიც. თოვლის საფარიც კი არის დადებული.

ეს არქტიკული ჰაერის მასების მოქმედება დღესაც ნარჩუნდება საქართველოს მთელ რეგიონში. ამიტომ ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარშიც დაბალია მოსალოდნელი, დაახლოებით 12-13 გრადუსამდე. მთიან რაიონებშიც 8-9 გრადუს სითბოზეა საუბარი. მაღალმთიან რაიონებში კი ზოგან ნული გრადუსი“,- განაცხადა გვაზავამ.

მისივე თქმით, დღეს, დღის მეორე ნახევარში ამინდი მკვეთრად შეიცვლება.

„ნალექის ინტენსივობა შესუსტდება. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება და ღამის საათებში სიცივე მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელდება. ამიტომ ღამის მაქსიმალური ტემპერატურა შესაძლებელია, მაღალმთიან რაიონებში, განსაკუთრებით გუდაური-კობის მიდამოებში, აგრეთვე სამხრეთ საქართველოს მაღალმთიანეთში – ახალქალაქში, ბაკურიანსა და ნინოწმინდის მიდამოში -5 გრადუსამდე დაეცეს. ხოლო დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში, შავი ზღვის შედარებით თბილი ჰაერის მოქმედება მინუს 3 გრადუსამდე დაიწევს. დაბლობსა და ბარში 7-9 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. მთიან რაიონებში ამ საღამოს 2-4 გრადუსია“, – განაცხადა გვაზავამ.

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს.

„ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. დაბლობსა და ბარში დაახლოებით 19-დან 22 გრადუსამდე, მთიან რაიონებში 17-19 გრადუსი და მაღალ მთაში 10-12 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. შემდეგ დღეებში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. ასეთი ცივი ჰაერის შემოჭრა მოსალოდნელი არ არის.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურის მომატებას ველოდებით 15 მაისიდან. შესაძლებელია, 17,18 და 19 მაისს 30-31 გრადუსი სითბოც გვქონდეს.

მაისის თვე საქართველოსთვის ყოველთვის არის წვიმიანი და სეტყვის გაძლიერებით, განსაკუთრებით კახეთის რეგიონში“,- აღნიშნა დოდო გვაზავამ.