„სინოფარმის“ ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური ჯგუფი დღეს განიხილავს
„სინოფარმის“ ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური ჯგუფი დღეს განიხილავს

დღეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, „სინოფრამის“ ვაქცინის ავტორიზაციის თემა უნდა განიხილონ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე საქართველოს პირველი არხის შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.

„როგორც მაქვს ოფიციალური და არაოფიციალური ინფორმაცია, დღესაა ჯანმო-ს ტექნიკური ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც სხვადასხვა საკითხი განიხილება. მათ შორის ეს საკითხიცაა. როგორც ვიცი, ჩინურმა მხარემ წარადგინა დამატებითი დოკუმენტაცია და დღეს უნდა იყოს განხილვა. დაველოდოთ,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 4 მაისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციის მინიჭებამდე დაიწყო.

გამყრელიძის ინფორმაციით, აღნიშნული ვაქცინით სამი დღის განმავლობაში 3 941 ადამიანია აცრილი.