სინგაპურში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრა შედგა
სინგაპურში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრა შედგა

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს შეხვდნენ. სინგაპურში კუნძულ სენტოსაზე ისტორიული სამიტი ამ წუთებში მიმდინარეობს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სასტუმრო კაპელაში ერთმანეთს ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათზე შეხვდნენ, რა დროსაც ორივე ლიდერმა მედიისთვის მოკლე განცხადება გააკეთა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავს ძალიან კარგად გრძნობს და მოლაპარაკების წარმატებაში დარწმუნებულია. კიმ ჩენ ინმა კი წარსული და ძველი წინასწარშეგონებები ახსენა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა აღნიშნა, რომ ეს დაბრკოლებები მათ უკვე გადალახეს და დღეს აქ იმყოფებიან.

განცხადებების შემდეგ, დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. შეხვედრას მხოლოდ თარჯიმანი დაესწრო. აუდიენცია დაახლოებით 50 წუთს გაგრძელდა.

ამის შემდეგ კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს მოლაპარაკების მაგიდასთან დელეგაციების სხვა წევრებიც შეუერთდნენ.