„სინედოკ-თბილისი“ პირველი არხის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მხარდაჭერით გადაღებული ფილმით - „გამჭვირვალე სამყარო“ გაიხსნა
„სინედოკ-თბილისი“ პირველი არხის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მხარდაჭერით გადაღებული ფილმით - „გამჭვირვალე სამყარო“ გაიხსნა

დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „სინედოკ-თბილისი“ კინოთეატრ „ამირანში“ ქართველი რეჟისორის, ვახტანგ კუცნევ-გაბაშვილის ფილმით გაიხსნა. ფილმის სახელწოდებაა „გამჭვირვალე სამყარო“ და ის პირველი არხის მხარდაჭერითაა გადაღებული.

„მოხარული ვარ, რომ ფესტივალი ჩემი ფილმით იხსნება. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის და ჩემი სტუდიის პროდუქტი. ეს ფილმი არის ძალიან ნიჭიერ ოჯახზე. დათო და ბექა გუჯაბიძეებზე. ბექა არის ხელოვანი და ბექას მამა არის ძალიან ცნობილი ოპერატორი, რეჟისორი, რომელსაც ნელ-ნელა შეჰყავს პროფესიაში თავისი შვილი, 25 წლის ბექა, ასწავლის თუ რა არის კინოხელოვნება, როგორ უნდა გადაიღო ფილმები“, განაცხადა რეჟისორმა ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილმა.

პირველი არხის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მთავარი რეჟისორის, შალვა შენგელის განცხადებით, ფესტივალის გახსნისთვის „გამჭვირვალე სამყაროს“ შერჩევა შემთხვევითი არ არის.

„ტყუილად არ ირჩევა ფესტივალის გახსნაზე კარგი ფილმი, ეს იმდენად ძლიერი, ღრმა, გააზრებული და ბევრისმთქმელი ფილმია, რომ ამიტომ არის ალბათ ამ ფესტივალის გახსნაზე და ამით იწყება „სინედოკ-თბილისის“ ფესტივალი“, – განაცხადა შალვა შენგელმა.

ფილმის ჩვენებამდე, კინოთეატრ ამირანში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

„მახარებს, რომ ამ ექვსი წლის განმავლობაში ფესტივალი ძალიან მძლავრ ბრენდად ჩამოყალიბდა, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო დიდი ინტერესით და შესაბამისად, ავტორიტეტით სარგებლობს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ტრადიციულად, საფესტივალო პროგრამაში ძალიან ინტენსიურად არის გათვალისწინებული საგანმანათლებლო კომპონენტი“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

„სინედოკ-თბილისი“ სამხრეთ კავკასიაში პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია, მის მიზანს კი დოკუმენტური კინოს პოპულარიზაცია წარმოადგენს. წლევანდელი გამოშვების სლოგანია: „ჩავუღრმავდი რეალობას“. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 60-ზე მეტი ნამუშევარი მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან. „სინედოკ-თბილისი“ 3 მაისს დაიწყო და 8 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

ფესტივალი საქართველოში უკვე მეექვსე წელია ტარდება.

დატოვე კომენტარი