სიმონ ნოზაძე - თუ უმრავლესობამ არ დააყენა საპრეზიდენტო კანდიდატურა, მე მხარს დავუჭერდი სალომე ზურაბიშვილს
სიმონ ნოზაძე - თუ უმრავლესობამ არ დააყენა საპრეზიდენტო კანდიდატურა, მე მხარს დავუჭერდი სალომე ზურაბიშვილს

ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე, სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ თუ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტობის კანდიდატს არ წარადგენს, ის მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.

„სალომე ზურაბიშვილს ჯერ არ უთქვამს, რომ ის კენჭს იყრის. ირიბი მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, არის, რომ შესაძლოა, მან კანდიდატურა დააყენოს. მე ხაზგასმით აღვნიშნავ, თუ უმრავლესობამ არ დააყენა თავისი კანდიდატურა, უმრავლესობას ვგულისხმობ, აქ მარტო „ქართული ოცნება“ არ შედის, მე პირადად მხარს დავუჭერდი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას. მასთან პირადი ნაცნობობა არ მქონია, პარლამენტში გავიცანი. ვიცი მისი განათლების, ერუდიციის, ინტელექტის შესახებ“, – აღნიშნა სიმონ ნოზაძემ.

კითხვაზე, იქცა თუ არა სალომე ზურაბიშვილის თემა „ქართულ ოცნებაში“ განხეთქილების მიზეზად პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების ფონზე, სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია. საპარლამენტო უმრავლესობასთან ჩატარებული სხდომებიდან გამომდინარე კი ნოზაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ბევრად უფრო დემოკრატიული პიროვნება, ვიდრე მედიას ჰგონია.

„ის, რომ ბატონმა ბიძინამ განაცხადა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ეს ბევრისთვის მნიშვნელოვანია და ჩემთვისაც არ არის სულერთი, რომ არ დაგიმალოთ, მაგრამ შიგნით ამ თემებზე მსჯელობა მიმდინარეობს. არ ვმალავ, უმრავლესობას მიაჩნია, რომ „ქართულ ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი უნდა ჰყავდეს, ან უმრავლესობიდან უნდა იყოს კანდიდატი. ქალბატონი სალომე არ არის უმრავლესობიდან, თუმცა ჩემი პიროვნული დამოკიდებულება მაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩემი თავისუფალი დროის ხარჯზე, როდესაც დაკავებული არ ვიქნები საპარლამენტო საქმიანობით, ეს იქნება შვებულება, შაბათ-კვირა ან უფასო შვებულება, მზად ვარ, დახმარება აღმოვუჩინო, თუ მზად იქნება“, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

მისი აზრით, საპრეზიდენტო არჩევნები არ გახდება „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირების მიზეზი, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრებისას არის რიგ საკითხებთან დაკავშირებით მწვავე კამათი.