სიმონ ნოზაძე - ვფიქრობ, რომ გავა წლები და დაიწყება ისევ საუბარი მაჟორიტარული სისტემის აღდგენაზე
სიმონ ნოზაძე - ვფიქრობ, რომ გავა წლები და დაიწყება ისევ საუბარი მაჟორიტარული სისტემის აღდგენაზე

ნუ დავაკნინებთ რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, მათ თქვეს, რომ მზად არიან მინიმუმ კოალიციური მთავრობა იყოს, – ამის შესახებ დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საუბრისას განაცხადა.

სიმონ ნოზაძის თქმით, პირადად ის მხარს უჭერს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, ასევე ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტს.

„მე მხარს ვუჭერდი მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას და ჩემი აზრი არ შეცვლილა. მე არც იმის მომხრე ვიყავი, რომ პრეზიდენტი უფრო რიტუალურ ფიგურად ყოფილიყო, ვიდრე მმართველ ძალად საქართველოში. მგონია, რომ გავა წლები და დაიწყება ისევ საუბარი მაჟორიტარული სისტემის აღდგენაზე და ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტის შექმნაზე.

ბუნებრივია, პარლამენტი ერთობ დემოკრატიული ინსტიტუტია და ეს კარგია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, მაგრამ იმ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ძლიერი ფიგურის არსებობა აუცილებელია. ეს უნდა იყოს საყოველთაო წესით არჩეული პიროვნება და ასეთი იქნება მხოლოდ პრეზიდენტი.

ამ რეალობაში მე დავთანხმდი, რომ პროპორციული სისტემით ჩატარდეს არჩევნები, რადგან ძალაუფლება ერთი პარტიის ხელშია და მოდი ვაღიაროთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელშია ძალაუფლება, რაც საზოგადოებაში პროტესტს იწვევს. მომავალი არჩევნები „ქართული ოცნების“ უპირობო გამარჯვებით დამთავრდებოდა თუ კი, ის შერეული სისტემით ჩატარდებოდა. შესაძლოა საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ყოფილიყო, მაგრამ დაახლოებით 90-დან 100 დეპუტატამდე გაყვანის საშუალება გვქონდა.

ნუ დავაკნინებთ იმ ფაქტს, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა. „ოცნებამ“ თქვა, მე მზად ვარ მინიმუმ კოალიციური მთავრობა იყოს. ვერცერთი პარტია მომავალ არჩევნებზე 50 პროცენტს ვერ დააგროვებდა. ჩემი აზრით, შესაძლოა გამოჩნდეს მესამე ძალა, ყოველშემთხვევაში ქართულ პოლიტიკაში მესამე ძალის არსებობის დიდი მოთხოვნა გაჩნდა. ჩემი აზრით, ამ ერთი წლის მანძილზე რეალური შესაძლებლობაა, მესამე პოლიტიკური ძალის გამოჩენის. დათმობაზე, რომელზეც „ქართული ოცნება“ ახლა წავიდა, სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული“, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.