სიმონ ნოზაძე - მიხეილ ბატიაშვილი, როგორც რეფორმატორი მინისტრი, სწორ გზაზე დგას
სიმონ ნოზაძე - მიხეილ ბატიაშვილი, როგორც რეფორმატორი მინისტრი, სწორ გზაზე დგას

დედა ენის დაბრუნება ძალიან დიდი საქმეა, – ამის შესახებ დეპუტატმა, სიმონ ნოზაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დეპუტატმა განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ანგარიში შეაფასა და აღნიშნა, რომ ის რეფორმები, რომელსაც მინისტრი გეგმავს მისასალმებელია.

„მიხეილ ბატიაშვილმა დაამტკიცა, რომ არის ძალიან გაწონასწორებული, აუღელვებელი პიროვნება. მიუხედავად გუშინ კომიტეტზე მოტანილი ცილისწამების ნიაღვრისა, ის არ აჰყვა ემოციებსა და დამაჯერებელ პასუხებს იძლეოდა. გამბედაობა სჭირდებოდა გუშინ კომიტეტის სხდომაზე მოსვლას, მან ეს გამბედაობა გამოიჩინა“, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

დეპუტატმა ქართული ენის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ამ მხრივ, განათლების მინისტრის ინიციატივა დედა ენის დაბრუნებასთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა.

„ქართული ენა იდენტიფიცირების ყველაზე კარგი საშუალებაა და განათლების სისტემის პოლიტიკა სწორედ ამაში გამოიხატებოდა, რომ ეროვნული ცნობიერებისგან გამოშიგნულიყვნენ ახალგაზრდები, ეს იყო სწორედ ერთ-ერთ ფაქტი და სწორედ ეს იყო დედა ენის გაძევების მიზეზი. ახლა ამბობენ, რომ ეს მეცხრამეტე საუკუნის ნაწარმოებია. დედა ენით აქვთ ნასწავლი იმ მეცნიერებს, რომლებმაც კოსმოსური ტექნიკა შექმნეს. დედა ენის დაბრუნება ძალიან დიდი საქმეა, უფრო სწორად, დედა ენის იმ მოდელის დაბრუნება, რომლითაც ქმნიდა დიდი იაკობი ამ ნაწარმოებებს, ეს დიდი საქმეა“, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

მისივე თქმით, უნარების გამოცდის გაუქმება გამართლებულია.

„საბაზო, მეათე კლასში აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოცდები. გამოცდები უნდა აღდგეს მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასშიც, მაგრამ გამოცდები უნდა ჩაატარონ მასწავლებლებმა. უნარების გამოცდების გაუქმებაც გამართლებულია. იქ უნარის შემოწმება ხდებოდა ერთი გზით, მეცხრე კლასის ჩათვლით არსებული მათემატიკის პროგრამის საფუძველზე და ქართული ლიტერატურული ტექსტებისა და მხატვრული ასოციაციის საფუძველზე. აქ ჩემი აზრით, ახალგაზრდა უნდა ჰქონოდა არა ლოგიკური აზროვნება, არამედ შემდგენელის ლოგიკური აზროვნება უნდა გამოეცნო და კაცმა არ იცის, როგორი დონის არის თავად ის შემდგენელი“, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი სიახლეები მასწავლებელთა განვითარებაში, კარგია, რომ მასწავლებელთა კრედიტ ქულები გაუქმდება.

„კარგია, რომ მასწავლებელთა შეფასება მოხდება კომპლექსურად, მათ საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებით და გამოცდების გზით. მდარე ხარისხის სახელმძღვანელოები გვაქვს ბატონო მინისტრო, ძალიან გთხოვთ, გააუქმოთ სახელმძღვანელოების შეწონვისა და ხარისხის ფორმულა. 10 თეთრიანი სახელმძღვანელოებით ვერ გავზრდით ძლიერ მოსწავლეებს. განათლების სისტემაში ცვლილებები აუცილებელი იყო. არ უნდა დავუშვათ შეცდომები. სწორ გზაზე დგახართ როგორც რეფორმატორი მინისტრი. მე ვიცი, რომ ცოტა ოდენი შეცდომები იქნება დაშვებული, ყველამ ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა, მათ შორის ოპოზიციამაც. გავა წლები და თქვენ აუცილებლად დარჩებით ისტორიას, როგორც რეფორმატორი მინისტრი და ამ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ თქვენ გაითვალისწინებთ პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და ქართველი პედაგოგიური თეორიტიკოსების გამოცდილებას“, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.