სილვიო დომენტე - ევროპის წამლების სააგენტოს რისკების შეფასების კომიტეტის რეკომენდაციაა, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდეს
სილვიო დომენტე - ევროპის წამლების სააგენტოს რისკების შეფასების კომიტეტის რეკომენდაციაა, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიო დომენტე აცხადებს, რომ  ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის კონკრეტული პარტიის გამოყენება სიფრთხილის გამო შეაჩერა. დომენტე განმარტავს, რომ ამის მიზეზი გახდა ცნობები, რომ ზოგიერთ ვაქცინირებულს თრომბოემბოლიასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.

მისივე თქმით, აღნიშნულ შემთხვევებს ევროპის მედიკამენტების სააგენტო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძიებს.

„ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ დროებით შეაჩერა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება. მათ ეს გააკეთეს სიფრთხილის ზომის სახით. მათ შეაჩერეს ვაქცინის კონკრეტული პარტიის გამოყენება. ამის მიზეზი გახდა ცნობები, რომ ზოგიერთ ვაქცინირებულს თრომბოემბოლიასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. აღნიშნულ შემთხვევებს იძიებს როგორც ევროპის მედიკამენტების სააგენტო, ისე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

ამ ეტაპისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, არ არსებობს პირდაპირი კავშირი თრომბოემბოლიის ამ შემთხვევებსა და „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებას შორის. ვაქცინირებულში თრომბოემბოლიის შემთხვევების რაოდენობა არ აღემატება ზოგადად მოსახლეობაში აღნიშნული შემთხვევების მაჩვენებელს. ევროპის წამლების სააგენტოს რისკების შეფასების კომიტეტს არ გაუცია ვაქცინაციის შეჩერების რეკომენდაცია. მათი რეკომენდაციაა, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის გაგრძელება და ამავე დროს აღნიშნული შემთხვევების გამოძიების გაგრძელება.

ჯანდაცვის მსოფლიო ირგანიზაციის ვაქცინების უსაფრთხოების კომიტეტი რეგულარულად ავრცელებს ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაციას. ჩვენ ვაჯამებთ, ვსწავლობთ ყველა მტკიცებულებას და ეს ყველაფერი საჯარო ხდება. იცით, რომ ვაქცინაციის პირველ ეტაპზე მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენენ მედპერსონალი და ასევე ხანდაზმული ადამიანები, რომლებსაც აქვთ მრავალი თანმხლები დაავადება. სამწუხაროდ, ვაქცინაციას არ შეუძლია სხვა დაავადებისგან გარდაცვალების პრევენცია. ამ ეტაპისთვის მსოფლიოში ვაქცინირებული გვყავს დაახლოებით 270 მილიონი ადამიანი და გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ აღრიცხულა“, – განაცხადა სილვიო დომენტემ.