რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომისკენ უბიძგეს, – ამის შესახებ იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ამასთან, ბერლუსკონიმ საუბრისას გამოიყენა რუსეთის ხელისუფლების ტერმინოლოგია და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს „სპეცოპერაცია“ უწოდა.
„პუტინს უბიძგეს რუსმა ხალხმა, მისმა პარტიამ, მისმა მინისტრებმა, რათა გამოეგონებინა ეს სპეციალური ოპერაცია“, – განაცხადა ბერლუსკონიმ.
იტალიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან RAI-სთან საუბარში, ბერლუსკონიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ მოსკოვმა უკრაინაში ინტერვენციის გადაწყვეტილება სეპარატისტების თხოვნის პასუხად მიიღო. მისი თქმით, სეპარატისტთა ლიდერები ჩავიდნენ კრემლში და პირდაპირ უთხრეს პუტინს: „გთხოვთ, დაგვიცავი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვიცით, სად აღმოვჩნდებით“.
იტალიის ყოფილი პრემიერის მტკიცებით, რუსეთის თავდაპირველი გეგმა იყო ერთ კვირაში კიევის დაპყრობა, პრეზიდენტ ზელენსკის „ღირსეული ხალხის მთავრობით“ ჩანაცვლება და მეორე კვირას იქიდან გასვლა.
„მე ვერ გავიგე, რატომ გაიშალნენ რუსული ქვედანაყოფები უკრაინის ტერიტორიის ფარგლებში მაშინ, როდესაც ისინი მხოლოდ კიევის გარშემო უნდა ყოფილიყვნენ“, – აღნიშნა ბერლუსკონიმ.
სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ იტალიის ყოფილი პრემიერის განცხადება სავარაუდოდ შეაშფოთებს იტალიის დასავლელ მოკავშირეებს ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების წინ.
ბერლუსკონის პარტია Forza Italia მემარჯვენე კოალიციაში შედის, რომელიც წინასწარი გამოკითხვებით ლიდერობს კვირას დაგეგმილ არჩევნებში.