სილვია შტობერი - ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს აღმოსავლეთ ევროპას, ვიდრე ჟან-კლოდ იუნკერი
სილვია შტობერი - ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს აღმოსავლეთ ევროპას, ვიდრე ჟან-კლოდ იუნკერი

ევროკომისიის პრეზიდენტი პირველად იქნება ქალი. 60 წლის გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი 16 ივლისს ევროპარლამენტმა ჟან-კლოდ იუნკერის შემცვლელად აირჩია. ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავის პირველ გამოსვლაში ყურადღება არაერთ გამოწვევაზე გაამახვილა, რომლის წინაშეც ევროკავშირი დგას.

ევროკომისიის ახალი ხელმძღვანელის შესახებ გერმანელ ჟურნალისტ სილვია შტობერს ვესაუბრეთ, რომელიც გერმანიის საზოგადოებრივ არხზე მუშაობს და არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში.

როგორც გერმანელი ჟურნალისტი, როგორ დაახასიათებდით ევროკომისიის ახალ პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს?

პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი ანგელა მერკელის ახლო მოკავშირეა. პროფესიით ექიმია. 2005 წლამდე ის ფედერალური მინისტრი იყო და ძირითადად სოციალური საკითხებით იყო დაკავებული. 2005 წელს ის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევა გახლდათ, რადგან ეს საკმაოდ რთული სამუშაოა. მას ჰქონდა პრობლემები. რამდენიმე ხმაურიანი საქმე და ბევრს ეგონა, რომ ფონ დერ ლაიენის კარიერა დასრულდა. ამიტომ, უმრავლესობისთვის მისი ევროკომისიის პრეზიდენტად წარდგენა სიურპრიზი იყო. თუმცა, როგორც ვნახეთ, მან წარმატებას მიაღწია და ის აირჩიეს.

რა შეიცვლება ბრიუსელის პოლიტიკაში ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლაიენის არჩევის შემდეგ?

როგორც ჟან-კლოდ იუნკერს, მასაც მოუწევს კომპრომისების ძებნა, რათა 27-28 წევრმა სახელმწიფომ მიაღწიოს კონსენსუსს. ამ საქმისთვის კარგად არის მომზადებული. ის კარგი მენეჯერი გახლავთ. ფონ დერ ლაიენი თავისუფლად საუბრობს სამ ენაზე, მათ შორის ინგლისურად და ფრანგულად. ბრიუსელსაც ძალიან კარგად იცნობს. მეორე მხრივ, ის ძალიან ბევრ ყურადღებას დაუთმობს სოციალურ საკითხებს, ასევე მნიშვნელოვან თანამდებობაზე დაინიშნება მეტი ქალი. როგორც თავად ლაიენმა განაცხადა, ის ყურადღებას გაამახვილებს კლიმატის ცვლილებების საკითხებზე.

თქვენი აზრით, რა იქნება ის მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი დადგება?

მე უკვე ვახსენე კლიმატის ცვლილებები. ჩემი აზრით, ეს თემა დღეს მწვავედ დგას ევროკავშირში. მან უკვე დააანონსა ე.წ. მწვანე შეთანხმება, რომელიც ძალიან მალე გაფორმდება. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია მიგრაციის პოლიტიკა. ამ თემაზე ევროკავშირში ძალიან ბევრს მსჯელობენ. განსაკუთრებით, ეს ეხება აფრიკიდან მიგრანტებს. უნდა გამოინახოს გამოსავალი ყველა ქვეყნისთვის და არა მხოლოდ იტალიისთვის, რომელიც ძალიან შეწუხებულია. ასევე ეს საკითხი აწუხებთ ევროპის აღმოსავლეთსა და ცენტრალურ ნაწილში, სადაც მიგრანტების მიღება არ სურთ. არის კიდევ ერთი თემა, რომელიც ახალ პრეზიდენტს დახვდება, ეს არის ბრექსითი. ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მუშაობას პირველ ნოემბერს შეუდგება, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს უნდა დატოვოს.

ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფონ დერ ლაიენს არ უხსენებია რუსეთი და უკრაინა. როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს და რას ფიქრობთ, როგორი იქნება მისი პოზიცია რუსეთის, უკრაინის და საქართველოს მიმართ?

ჩემი აზრით, ის მეტ ყურადღებას დაუთმობს აღმოსავლეთ ევროპას, უფრო მეტს, ვიდრე ჟან-კლოდ იუნკერი, რომელიც უფრო მეტად დასავლეთ ევროპაზე იყო ორიენტირებული. თავდაცვის მინისტრად მუშაობის დროს ურსულა ფონ დერ ლაიენს ხისტი პოზიცია ჰქონდა რუსეთის მიმართ. პუტინისთვის მტერი არ უწოდებია, თუმცა თქვა, რომ რუსეთი პარტნიორი არ არის. მან მკაცრად გააკრიტიკა ის ნაბიჯები, რომელსაც პუტინი აღმოსავლეთ ევროპის მიმართ დგამს. ასევე გააკრიტიკა რუსეთის არმიის ყოფნა სირიაში, ამიტომ, ვფიქრობ, მას ამ საკითხზე ძალიან მტკიცე პოზიცია ექნება. ის დაახლოებით ისეთ პოზიციას დაიკავებს, როგორიც ანგელა მერკელს ჰქონდა ბოლო წლებში. საინტერესო და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი რამდენჯერმე იყო ჩასული საქართველოში, სადაც კოლეგებს შეხვდა – თინა ხიდაშელს და ლევან იზორიას. მან ძალიან კარგად იცის საქართველოში არსებული მდგომარეობა, ასევე კარგად არის ინფორმირებული იმ წვლილის შესახებ, რომელიც საქართველოს ავღანეთში ნატოს მისიაში შეაქვს. ქართველი და გერმანელი ჯარისკაცები ავღანეთში მჭიდროდ თანამშრომლობენ. ის აფასებს საქართველოს წვლილს და ქართველების მიერ გაღებულ მსხვერპლს.

თქვენი აზრით, რა პოზიცია ექნება ევროკომისიის ახალ ხელმძღვანელს ევროკავშირის გაფართოების მიმართ?

ზოგადად, ის დაინტერესებულია ამ საკითხით და მისი წინ წამოწევის მომხრეა. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ევროკავშირში ძალიან ბევრი გამოწვევაა. ეს არის არა მხოლოდ ბრექსიტი, არამედ პრობლემები არის უნგრეთთან, რუმინეთთან და ბულგარეთთან. ასე რომ, ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით, დიდი ოპტიმიზმი არ არის. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში არსებულ სიტუაციას, ევროკავშირს სჭირდება მოკავშირეები. განსაკუთრებით, სამეზობლოში. ასე რომ, ევროკავშირი მოხარული იქნება, თუ საქართველო პარტნიორი იქნება. ბრიუსელში ასევე გააცნობიერეს, რომ ჩინეთი არის კონკურენტი სხვადასხვა რეგიონში. ვფიქრობ, ევროკავშირი გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო იყოს ახლო მოკავშირე და პარტნიორი მომავალში.

მსოფლიოს ამბები