სილვია შტიობერი - მესმის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, რომელიც ტრადიციებს ასე მარტივად ვერ უგულებელყოფს და ღირებულებებს ვერ შეცვლის
სილვია შტიობერი - მესმის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, რომელიც ტრადიციებს ასე მარტივად ვერ უგულებელყოფს და ღირებულებებს ვერ შეცვლის

ჩემი შთაბეჭდილებით, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია უცხოელთა მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების წინააღმდეგ არ ილაშქრებს და პირიქით, ამის მიმართ სიმპათია უფრო აქვს, – განაცხადა გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ექსპერტმა აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სილვია შტიობერმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორია გერმანიაში ტრადიციული ეკლესიების დამოკიდებულება ულტრამემარჯვენე და ულტრანაციონალისტური ჯგუფებისა თუ პარტიების მიმართ და ხედავს თუ არა ის ქართულ რეალობასთან სხვაობას, სილვია შტიობერმა განაცხადა, რომ განსხვავება არსებობს.

„კათოლიკური ეკლესია ძალიან ტრადიციული და კონსერვატიულია, პროტესტანტული ეკლესია კი, უფრო ლიბერალური, მაგრამ გერმანიაში ორივე ეკლესია ჰუმანურ პრინციპებზეა დაფუძნებული. ეკლესიები ბევრი ლტოლვილისთვის კონკრეტული საცხოვრებელი გახდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პროტესტანტული ეკლესია ამბობს, რომ ამას მიესალმება. შესაძლოა, პროტესტანტულ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის მიდგომებში განსხვავება არსებობდეს, მაგრამ გერმანიაში მოქმედი ორივე ტრადიციული ეკლესია ძალიან ჰუმანურ პრინციპებზეა დაფუძნებული და მთლიანობაში, კათოლიკური ეკლესია სხვა პოზიციაზეა, ვიდრე ქართული მართლმადიდებლური ეკლესია“, – განაცხადა შტიობერმა

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, რას შეიძლება მივაწეროთ ის, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ამგვარი მოძრაობების მიმართ უფრო სიმპატიითაა განწყობილი, ვიდრე გერმანიაში არსებული ტრადიციული ეკლესიები, სილვია შტიობერმა აღნიშნა, რომ ამის შესაფასებლად ისტორიას უნდა გადავხედოთ.

„ერთი მხრივ, ეს იყო ერთი, კათოლიკური ეკლესია, რომელსაც პროტესტანტული ეკლესია გამოეყო, მეორე მხრივ კი, როდესაც მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის გამიჯვნა მოხდა, ეს ეკლესიები სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ. აქ ალბათ, საბერძნეთის როლიც არის გასათვალისწინებელი და რა თქმა უნდა, ტრადიცია უნდა შენარჩუნდეს. მათ შორის, ალბათ, საქართველოს მოსახლეობაში არსებობს გარკვეული არასტაბილურობის განცდა და მნიშვნელოვანია ის, თუ რა დამოკიდებულებაა მათ შორის, ევროპული ღირებულებების მიმართ. მე მესმის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის, რომელიც ტრადიციებს ასე მარტივად ვერ უგულებელყოფს და ღირებულებებს, ხედვებს ვერ შეცვლის“, – განაცხადა სილვია შტიობერმა.