„სილქნეტი“ და  „ჯეოსელი“ ოფიციალურად გაერთიანდნენ
„სილქნეტი“ და  „ჯეოსელი“ ოფიციალურად გაერთიანდნენ

„სილქნეტი“ და „ჯეოსელი“ გაერთიანების პროცესს ასრულებენ. გარიგების დეტალებზე დღეს პრესკონფერენცია გაიმართა.

„სილქნეტი“ „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის მფლობელი ოფიციალურად გახდა. გარიგების ღირებულებამ 153 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან 133 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვა „თიბისი ბანკმა“, 9 ბანკისგან შემდგარი სინდიკატის მეშვეობით უზრუნველყო.

„სილქნეტის“ ინფორმაციით, უახლოეს წლებში 500 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, რომელიც ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და სატელეკომუნიკაციო სერვისების განვითარებას მოხმარდება.

ჯერ უცნობია, შენარჩუნდება თუ არა ბრენდი „ჯეოსელი“. „სილქნეტის“ დირექტორის, დავით მამულაიშვილის განცხადებით, ამ კუთხით კვლევა მიმდინარეობს და გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

დღევანდელ პრესკონფერენციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი; ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე; „თიბისი ბანკისა“ და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები დაესწრნენ.