სიხარულიშვილმა და ეგოიანმა გაიტანეს, ლაცაბიძემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა #1TVSPORT
გაბრიელ სიგუა შეცვლაზე (77-ე წუთზე) გამოჩნდა „ბაზელში“, რომელიც შვეიცარიის სუპერლიგის საშინაო შეხვედრაში „გრასჰოპერსთან“ 0:1 დამარცხდა და მეორე ადგილზე დაქვეითდა. გიორგი წიტაიშვილმა 83 წუთი ითამაშა ესპანეთის ლა ლიგა 2-ში. ქართველის გუნდი „გრანადა“ გასვლაზე „ოვიედოსთან“ 0:2 დამარცხდა.
რუმინეთის ლიგა 1-ში ზედიზედ მეორე შეხვედრა გამოტოვა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა, რომელშიც კრაიოვას „უნივერსიტატეამ“ შინ „სეპსის“ 2:1 სძლია.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ლუკა ლაცაბიძემ შეუცვლელად ითამაშა უკრაინის პრემიერ ლიგაში. ახალგაზრდა ქართველის გუნდი ოდესის „ჩერნომორეცი“ ლუჰანსკის „ზორიას“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.
ახალგაზრდა „ჯვაროსნების“ კიდევ ერთმა ფეხბურთელმა შესანიშნავად ითამაშა ნიდერლანდების I დივიზიონში. „ვიტესის“ შემტევმა ნახევარმცველმა, ირაკლი ეგოიანმა „იონგ უტრეხტთან“ გამარჯვებაში (2:1) მთავარი როლი შეასრულა – გოლიც გაიტანა და ზედიზედ მესამე მატჩში ანგარიშზე საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
საბერძნეთის სუპერ ლიგა 2-ში პირვეი გოლი გაიტანა 21-წლამდელების წევრმა, ნიკა სიხარულაშვილმა – „დინამო თბილისიდან“ განათხოვრებულმა 21 წლის მცველმა „იანინას“ გაუტანა, მაგრამ „მაკედონიკოსი“ მარცხისგან ვერ იხსნა – 1:3. ქართველმა ფეხბურთელმა 64 წუთი ითამაშა, თავი კი 22-ე წუთზე გამოიჩინა.
საბერძნეთის სუპერ ლიგაში ლევან შენგელიამ შეუცვლელად ითამაშა „ოფი კრეტაში“, რომელიც გასვლაზე „ატრომიტოს“ დაუზავდა – 0:0. კვიპროსის ჩემპიონატში კი გიორგი ლორიამ 90 წუთი ითამაშა „არადიპუში“ თავისი ყოფილი კლუბის, „ანორთოსისის“ წინააღმდეგ (3:0). რომ არა ქართველი მეკარე, ანგარიშში კიდევ უფრო დიდი სხვაობა იქნებოდა.