სიღნაღში გამოფენა „კახელ დიდგვაროვანთა პორტრეტები“ მოეწყობა
სიღნაღში გამოფენა „კახელ დიდგვაროვანთა პორტრეტები“ მოეწყობა

სიღნაღის მუზეუმი გამოფენას „კახელ დიდგვაროვანთა პორტრეტები“ უმასპინძლებს. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 44 ფერწერული ნამუშევარი: სამეფო კარის წარმომადგენელთა პორტრეტები, ტფილისური პორტრეტული სკოლის ნიმუშები, ასევე ქანდაკება და მინიატურა. ექსპოზიცია მოიცავს კახელი დიდგვაროვნებისა და ისტორიული პირების პორტრეტებს: ერეკლე II, დარეჯან დედოფალი, ვახტანგ ბატონიშვილი, უცნობი ბატონიშვილი, თავადი ვახტანგ დიმიტრის ძე ჯანბაკურ-ორბელიანი, თეკლა ბატონიშვილი და დავით გურამიშვილი, ასევე ყაჯარული ფერწერის ნიმუშები – ანდრონიკაშვილების პორტრეტები და სხვა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი მასალა ასეთი ინტერპრეტაციითა და მასშტაბით პირველად გამოიფინება. მათი გარკვეული ნაწილი უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. აღსანიშნავია, რომ ექსპონატებს ჩაუტარდა სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები.