სიღნაღში ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი კომპოზიტორის ბიუსტის გახსნის ცერემონიითა და მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამოთი გაიხსნა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სიღნაღში ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ცნობილი კომპოზიტორის ბიუსტის გახსნის ცერემონიით და მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამოთი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქალაქის მთავარ სკვერში ბიძინა კვერნაძის ბიუსტი საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და კომპოზიტორის მეუღლემ, ნესტან მესხმა გახსნეს.
თინათინ რუხაძემ დამსწრე საზოგადოებას ფესტივალის გახსნა მიულოცა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
„საღამოზე, რომელსაც თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა, კომპოზიტორის უკვდავი ნაწარმოებები შეასრულეს სიმფონიურმა ორკესტრმა ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით, მომღერლებმა ნანი ბრეგვაძემ, ეკა მამალაძემ, სოფო ხალვაშმა, კონსტანტინე ყიფიანმა, აჩიკო ნიჟარაძემ, გიორგი სუხიტაშვილმა, მეკო ქავთარაძის ახალგაზრდულმა კაპელამ.
ქართულ კულტურაში შეტანილი ღვაწლისთვის ბიძინა კვერნაძის სახელობის ჯილდო გადაეცათ კომპოზიტორის მეუღლეს, ნესტან მესხს, ნანი ბრეგვაძესა და მუსიკისმცოდნე მანანა ახმეტელს.
ფესტივალის იდეის ავტორი, დამფუძნებელი და კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელია ნიკა ნიკვაშვილი.
ფესტივალის მიზანია ქართული მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზაცია, ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის მხარდაჭერა, აგრეთვე ქართველი და უცხოელი ხელოვანების კოლაბორაციის ხელშეწყობა.
ფესტივალის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების დელეგატი გია ბენაშვილი, პარლამენტის წევრები დავით მათიკაშვილი და გელა სამხარაული, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.