სიღნაღში ავარიის დროს კვადროციკლის მძღოლი დაიღუპა
სიღნაღში ავარიის დროს კვადროციკლის მძღოლი დაიღუპა

სიღნაღში ახალგაზრდა მამაკაცი კვადროციკლით გადაადგილების დროს „სიღნაღქალაქობისთვის” დამონტაჟებულ სცენას შეეჯახა და დაიღუპა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი კვადროციკლს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, გოგი გოგილაშვილმა პირველ არხს განუცხადა, უბედური შემთხვევის გამო, ღონისძიების პროგრამა შეიცვალა და დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.