სიღნაღის სოციალურად დაუცველთა დახმარების კომისიის საკითხს სუს-ის ანტიკორუფციული სამსახური სწავლობს
სიღნაღის სოციალურად დაუცველთა დახმარების კომისიის საკითხს სუს-ის ანტიკორუფციული სამსახური სწავლობს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველთა დახმარების კომისიის მუშაობის საქმეს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო სწავლობს. აღნიშნულ უწყებას სიღნაღის მერიამ მას შემდეგ მიმართა, რაც სოციალური დახმარების კომისიის მიერ დადგენილ ოქმში უზუსტობა დაფიქსირდა.

კერძოდ, კომისიის ოქმში მოხვდა ორი პიროვნება, რომელთა ერთჯერად სოციალურ დახმარებაზე საკითხი კომისიას არ განუხილავს. როგორც პირველ არხს სოციალური კომისიის თავნჯდომარემ, თემურ ბალარჯიშვილმა განუცხადა, სიაში მიმატებული ერთი პიროვნება მერიის იურიდიული სამსახურის სპეციალისტის დაა, ხოლო მეორის ვინაობა ვერ იხსენებს.

„სოციალურად დაუცველებზე ან მძიმე ავადმყოფებზე ერთჯერადი დახმარების გაცემასთან დაკავშირებით, კომისიის მიერ განხილვისა და გადაწყვეტილების ოქმებს ვაბარებდით კომისიის მდივანს,რომელიც პასუხისმგებელი იყო ბუღალტერიაზე და შეჰქონდა იმ პირთა მონაცემები და ანგარიშის ნომრები, ვისად დახმარება უნდა დანიშვნოდა. ორი დღის წინ გადარიცხვის პროცესში უზუსტობა სოციალური სამსახურის უფროსმა აღმოაჩინა და მაშინვე მოხდა რეაგირება, შეატყობინეს ანტიკორუფციულ სააგენტოს“,-აცხადებს ბალარჯიშვილი და აღნიშნავს, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ამოიღეს ორი წლის დოკუმენტაცია იმის გასარკვევად, ადრეც ხომ არ ჰქონდა ადგილი მსგავს შემთხვევებს.

მისივე ინფორმაციით, კომისიის ოქმში გაყალბებით შეყვანილ პირებზე 200 ლარი უნდა გადარიცხულიყო, თუმცა დარღვევა ჩარიცხვამდე გამოაშკარავდა და თანხა არ ჩარიცხულა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კომისიის მდივანი სამსახურიდან გათავისუფლებულია. ჰქონდა თუ არა ადგილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიძიებს.