„სიენენის“ ყოფილი წამყვანი დონ ლემონი, რომელსაც ფედერალური სამოქალაქო უფლებების დარღვევისთვის ბრალი წარედგინა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს
„სიენენის“ ყოფილი წამყვანი დონ ლემონი, რომელსაც ფედერალური სამოქალაქო უფლებების დარღვევისთვის ბრალი წარედგინა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ლემონის წინააღმდეგ ბრალდებები მოიცავს დანაშაულებრივ შეთქმულებასა და უფლებების დარღვევას. გავრცელებული ინფორმაციით, იგივე ბრალდება წაუყენეს აქციაზე მყოფ ექვს ადამიანს, მათ შორის კიდევ ერთ ჟურნალისტს.
„მე არ გავჩუმდები“, – განაცხადა დონ ლემონმა სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, დონ ლემონი მას შემდეგ დააკავეს, რაც ყოფილი წამყვანი მინესოტის შტატში, ეკლესიაში შევიდა და საემიგრაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული აქციის მონაწილეების პროტესტი გადაიღო. პროტესტის შედეგად წირვა ჩაიშალა. აქტივისტების განცხადებით, ეკლესიასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ პასტორს ლიდერის თანამდებობა ეკავა იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახურში. ლემონი კი, რომელმაც აქციის პირდაპირი ტრანსლაცია მოახდინა, ამტკიცებს, რომ პროტესტს რეპორტიორის სტატუსით აკვირდებოდა.