„სიენენის“ ცნობით, მინესოტას შტატში წარმომადგენელთა პალატის წევრ მელისა ჰორთმანისა და მისი მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია
მინესოტას შტატში წარმომადგენელთა პალატის წევრის, მელისა ჰორთმანისა და მისი მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 57 წლის ვანს ბოლტერია, – ამის შესახებ ინფორმაციას „სენენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ის ასევე თავს დაესხა სენატორ ჯონ ჰოფმანსა და მის მეუღლეს, რომლებიც მძიმედ დაიჭრნენ და ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ.
ორივე კანონმდებელს თავდამსხმელი მათ საცხოვრებელ სახლებში დაესხა თავს, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. მისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჯილდოს სახით 50 ათასი დოლარი დააწესა.
როგორც „სიენენი“ იუწყება, თავდამსხმელის ავტომობილში აღმოჩენილია პოტენციური სამიზნეების 70-კაციანი სია და ყველა მათგანს გარკვეული კავშირი აქვს აბორტებისა და ოჯახის დაგეგვმის შესახებ კანონპროექტთან. როგორც ეჭვმიტანილის მეგობარი მედიასთან ჰყვება, ის რესპუბლიკელთა მხარდამჭერია და აბორტების აკრძალვას ემხრობოდა.
გუბერნატორმა ტიმ უოლცმა მომხდარს პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა უწოდა, პრეზიდენტმა ტრამპმა კი ის აბსოლუტურ საშინელებად მოიხსენია.