„სიენენის“ ცნობით, დენის შმიგალმა ლოიდ ოსტინს დამატებითი სამხედრო დახმარება სთხოვა
„სიენენის“ ცნობით, დენის შმიგალმა ლოიდ ოსტინს დამატებითი სამხედრო დახმარება სთხოვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა პენტაგონის ხელმძღვანელს, ლოიდ ოსტინს დამატებითი სამხედრო დახმარება სთხოვა, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

„ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში, მაგრამ მიზანს რომ უფრო სწრაფად და ნაკლები დანაკარგებით მივაღწიოთ, უკრაინას მეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება“, – აღნიშნა შმიგალმა და დაამატა, რომ უკრაინას განსაკუთრებით „F-15“-ისა და „F-16“-ის ტიპის გამანადგურებლები და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები ესაჭიროება.

ოსტინმა პირობა დადო, რომ ამერიკა გააფართოებს შეერთებულ შტატებში სამხედრო ტექნიკის წარმოებას, რათა მეტად დაეხმაროს უკრაინას.

აშშ-ში ვიზიტამდე უკრაინის პრემიერ-მინისტრი კანადაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში კანადამ უკრაინას დამატებითი სამხედრო დახმარება გადასცა.