„სიენენი“ - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებს უკრაინის საჰაერო სივრცის არასაფრენ ზონად გამოცხადებაში დახმარება და რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესება სთხოვა
„სიენენი“ - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებს უკრაინის საჰაერო სივრცის არასაფრენ ზონად გამოცხადებაში დახმარება და რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესება სთხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებთან ვირტუალური შეხვედრა გამართა. ინფორმაციას „სიენენი” ავრცელებს.

„სიენენის“ ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ სენატორებს უკრაინის საჰაერო სივრცის არასაფრენ ზონად გამოცხადებაში დახმარება სთხოვა. ასევე, მან სენატორებს უკრაინისთვის მეტი სამხედრო დახმარების აღმოჩენისკენ მოუწოდა, კერძოდ ავიაგამანდგურებლების მიწოდებით. ამასთან, პრეზიდენტმა განმარტა, რომ ნატო-ს ქვეყნებს უკრაინისთვის ავიაგამანდგურებლების იმ მოდელების მიწოდება შეუძლიათ, რომელთა მართვაში უკრაინელ პილოტებს შესაბამისი მომზადება აქვთ გავლილი.

ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სენატორებს სთხოვა, უკრაინას დაეხმარონ რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო მკაცრი სანქციების შემოღებით, კერძოდ სანქციების დაწესებით ენერგეტიკულ სექტორში, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე „მასტერქარდის” და „ვიზას” გადახდის სისტემების აკრძალვით.

„სიენენის” ინფორმაციით, ერთ-ერთმა სენატორმა თქვა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოითხოვა შეერთებულ შტატებში რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა.