„სიენენი“ - ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინა ომს აგებს, თუმცა ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბრძოლის ველზე ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა
ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინა ომს აგებს, თუმცა ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბრძოლის ველზე ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „სიენენი“.
ტელეკომპანიასთან ინტერვიუში რამდენიმე ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ევროპის მხრიდან არ არსებობს ახალი შეფასებები, რომლებიც ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან ცვლილებებზე მიუთითებს და ისინი ვერ ხედავენ რაიმე ნიშანს, რომ რუსულ ძალებს შეუძლიათ, სწრაფად მოიგონ ომი.
გამოცემის ცნობით, შეფასებები არაერთგვაროვან სურათს ქმნის: რუსეთი ფრონტის ხაზზე მცირე წინსვლას აღწევს და უკრაინის მომარაგების ძირითად ხაზებს უახლოვდება, თუმცა უზარმაზარი სამხედრო დანაკარგების ფასად.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაზემ აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის 1%-ზე ნაკლები მოიპოვა.
„ასე რომ, ეს ნამდვილად არ არის გამარჯვება ომში. ეს არ არის ის მიზნები, რომლებსაც პუტინი და კრემლი მისდევენ. პუტინს სურს უკრაინისთვის სუვერენიტეტის წართმევა. მას სურს უკრაინის, როგორც ქვეყნის, დამორჩილება, მაგრამ მათ ამის მიღწევა ბრძოლის ველზე არ შეუძლიათ“, – განაცხადა ბაიბა ბრაზემ.