„სიენენი“ - თეთრ სახლში აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის გვერდზე რასისტული ვიდეო ადმინისტრაციის თანამშრომელმა შეცდომით განათავსა, ვიდეო უკვე წაშლილია
სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გვერდზე გაზიარებული რასისტული შინაარსის ვიდეო, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პირველი ლედი მიშელ ობამა მაიმუნების სახით იყვნენ გამოსახულები, წაიშალა, – ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ვიდეო თანამშრომელმა შეცდომით განათავსა სოციალურ ქსელში.
„თეთრი სახლის თანამშრომელმა შეცდომით გამოაქვეყნა ეს პოსტი. ის უკვე წაშლილია“, – განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა „სიენენთან“ საუბრისას.
როგორც „სიენენი“ წერს, ვიდეო დაახლოებით 12 საათის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელ Truth Social-ის გვერდზე.
მანამდე თეთრი სახლის პრესმდივანი ქეროლაინ ლივიტიც გამოეხმაურა ვიდეოს.
„ეს არის ინტერნეტ მიმი, სადაც პრეზიდენტი ტრამპი ჯუნგლების მეფედ არის ნაჩვენები, ხოლო დემოკრატები – მეფე ლომის პერსონაჟებად. გთხოვთ, შეწყვიტოთ ამ თემაზე ზედმეტი რეაქცია და დაწერეთ რაღაც ისეთი, რაც ნამდვილად აინტერესებს ამერიკელ საზოგადოებას“, – განაცხადა ლივიტმა.