„სიენენი“ - თბილისი შობა-ახალი წლის ჯადოსნური დღესასწაულის გახანგრძლივებისთვის საუკეთესო ადგილია
„სიენენი“ - თბილისი შობა-ახალი წლის ჯადოსნური დღესასწაულის გახანგრძლივებისთვის საუკეთესო ადგილია

სიენენი“ საქართველოში შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.

როგორც სტატიაში არის აღნიშნული, ყოველი წლის ბოლოს საერთაშორისო მასშტაბით დღესასწაულის დრო დგება, თუმცა საქართველოს ისტორიულ დედაქალაქ თბილისში მართლმადიდებლური ტრადიციების გამო, დღესასწაული წლის პირველ თვეშიც გრძელდება. როგორც „სიენენი“ წერს, სწორედ ამის გამო თბილისი შობა-ახალი წლის ჯადოსნური დღესასწაულის გახანგრძლივებისთვის საუკეთესო ადგილია.

„ამიტომ თუ თქვენ მზად არ ხართ დაემშვიდობოთ ჯადოსნურ განათებებსა და ქუჩაში გაჟღერებულ საშობაო სიმღერებს, თბილისი თქვენი საუკეთესო გასაქცევი იქნება“, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის თანახმად, თბილისის საშობაო ბაზრობებს ევროპული სული აქვს. ეს კი, საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისაც რამე ახლის ნახვა სურს. თბილისის საშობაო ბაზრობების საუკეთესო ნაწილი ის არის, რომ იანვრის შუა რიცხვებამდე გრძელდება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ დღესასწაულის ფარგლებში მთელი ქალაქის მასშტაბით უამრავი საშობაო ბაზრობაა. თუმცა მათგან საუკეთესო ორბელიანისა და რესპუბლიკის მოედნების ბაზრობებია, სადაც მსურველს ხელნაკეთი ნივთების დათვალიერება, ქუჩის პერფორმანსების ხილვა და კერძების დაგემოვნება შეუძლია.

ყურადღება გამახვილებულია ასევე თბილისის სადღესასწაულო მორთულობაზე, რომლითაც ქალაქი დეკემბერსა და იანვარშია გაფორმებული. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ყოველი უბნის განათებები სხვადასხვა თემატიკისაა.

„ახალი წელი საქართველოში იმდენად მნიშნველოვანია, რომ მას ორჯერ აღნიშნავენ. ერთი 31 დეკემბერია, ხოლო მეორე 14 იანვარი. ძველით ახალი წლის აღნიშვნით დღესასწაული კიდევ უფრო ხანგრძლივი ხდება“, – აღნიშნულია სტატიაში.

სიენენი“ მკითხველს 2 იანვარს ბედობის დღესასწაულზეც უყვება, რომელიც ტრადიციის თანახმად, მთელი წლის ბედს განსაზღვრავს. სტატიაში ნათქვამია, რომ სწორედ ამიტომ ადამიანები ამ დღეს მხიარულად ატარებენ, რადგან წლის დანარჩენი დღეებიც მსგავსად გაატარონ.

დატოვე კომენტარი