„სიენენი“ - სტივ უიტკოფი შვეიცარიაში გაემგზავრა, რათა ირანთან დასკვნითი სამშვიდობო შეთანხმების დეტალებზე მოლაპარაკებები გამართოს
„სიენენი“ - სტივ უიტკოფი შვეიცარიაში გაემგზავრა, რათა ირანთან დასკვნითი სამშვიდობო შეთანხმების დეტალებზე მოლაპარაკებები გამართოს

მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი შვეიცარიაში გაემგზავრა, რათა ირანთან დასკვნითი სამშვიდობო შეთანხმების დეტალებზე მოლაპარაკებები გამართოს. ამის შესახებ „სიენენი“ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ინფორმაციით, უიტკოფი უკვე გზაშია შვეიცარიისკენ, სადაც აშშ-სა და ირანს შორის გაიმართება მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დასკვნითი სამშვიდობო შეთანხმების დეტალების დასაზუსტებლად.

შეთანხმების საფუძველი გახდა მანამდე ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი.

უიტკოფს მოლაპარაკებებზე შეუერთდება დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერიც. ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად როდის გაიმართება შეხვედრები.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-სა და ირანს შორის პირველი „ტექნიკური“ მოლაპარაკებები, რომელიც 19 ივნისს შვეიცარიაში უნდა ჩატარებულიყო, ბოლო მომენტში გაუქმდა. ამის შესაძლო მიზეზად სახელდება ახალი დაპირისპირება ისრაელსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის.

როგორც ცნობილია, 17 ივნისს აშშ-მა და ირანმა დისტანციურად მოაწერეს ხელი მემორანდუმს ომის შეწყვეტისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ. ეს დოკუმენტი წარმოადგენს საფუძველს საბოლოო შეთანხმების შემუშავებისთვის, რომელშიც მომდევნო 60 დღის განმავლობაში უნდა დაფიქსირდეს ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო შეთანხმების პირობები.