„სიენენი“ – სამხრეთ ლიბანზე ისრაელის განახლებული დარტყმების ფონზე ისრაელსა და ლიბანს შორის აშშ-ის შუამავლობით რომში მიმდინარე მოლაპარაკებები დაგეგმილზე ადრე დასრულდა

00:14, 06.08.2026

სამხრეთ ლიბანზე ისრაელის განახლებული დარტყმების ფონზე ისრაელსა და ლიბანს შორის აშშ-ის შუამავლობით რომში მიმდინარე მოლაპარაკებები დაგეგმილზე ადრე დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც „სიენენს“ ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, აშშ-ში ისრაელის ელჩმა, იეხიელ ლაიტერმა ამერიკულ მხარეს სთხოვა, მოლაპარაკება დაგეგმილზე დაახლოებით სამი საათით ადრე შეეჩერებინათ, ლიბანის დელეგაციის მხრიდან გავრცელებული, მისი თქმით, „შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის“ გამო. დაზუსტებული არ არის, კონკრეტულად, რაზე იყო საუბარი.

ლიბანური დიპლომატიური წყაროს ინფორმაციით კი, სწორედ ამერიკულმა დელეგაციამ მოითხოვა მოლაპარაკებების შეჩერება კონსულტაციებისთვის.

წყაროები ადასტურებენ, რომ მოლაპარაკებები 6 აგვისტოს უნდა განახლდეს, თუმცა ლიბანურმა დიპლომატიურმა წყარომ აღნიშნა, რომ ადგილზე მომხდარმა მნიშვნელოვანმა მოვლენებმა, შესაძლოა, ამ ტექნიკური მოლაპარაკებების განახლებას ხელი შეუშალოს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, მოლაპარაკებები „მთელ რიგ პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებს ეხებოდა და უკიდურესად პროდუქტიული იყო“.

მისივე თქმით, „ტექნიკურმა გუნდებმა პროგრესს მიაღწიეს სამმხრივი ჩარჩოშეთანხმების განხორციელების ძირითადი დეტალების განსაზღვრაში“. საუბარია ივნისში ისრაელს, ლიბანსა და აშშ-ს შორის ხელმოწერილ შეთანხმებაზე, რომელიც ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ისახავს მიზნად.

მსგავსი