„სიენენი“ - რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი შესაძლოა, 9 მაისს ოფიციალურად გამოაცხადოს
„სიენენი“ - რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი შესაძლოა, 9 მაისს ოფიციალურად გამოაცხადოს

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი შესაძლოა, 9 მაისს ოფიციალურად გამოაცხადოს. როგორც „სიენენი“ იტყობინება, ამერიკელ და დასავლელ მაღალჩინოსნებს მიაჩნიათ, რომ ომის ოფიციალურად გამოცხადება რუსეთის პრეზიდენტს რუსეთის სარეზერვო ძალების სრული მობილიზაციის საშუალებას მისცემს.

ამ დროისთვის, რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები არის „სპეციალური ოპერაცია“, რომლის მთავარი მიზანია „დენაციფიკაცია“.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, დასავლეთში უკვე დიდი ხანია, პროგნოზირებენ, რომ პუტინი გამოიყენებს 9 მაისის სიმბოლურ მნიშვნელობას და პროპაგანდისტულ ღირებულებას უკრაინაში სამხედრო მიღწევებისა, ანდა საბრძოლო მოქმედებების ესკალაციის გამოსაცხადებლად.

„ვფიქრობ, ის ეცდება თავისი „სპეციალური ოპერაციიდან“ გადასვლას. ის ამზადებს ნიადაგს, რომ თქვას – „შეხედეთ, ეს ახლა არის ომი ნაცისტების წინააღმდეგ და მე მჭირდება მეტი ხალხი, მე მჭირდება მეტი რუსული საზარბაზნე ხორცი“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლასმა LBC რადიოს ეთერში გასულ კვირას.

ბენ უოლასის თქმით, მოულოდნელი არ იქნება, თუ 9 მაისს ვლადიმირ პუტინი გამოაცხადებს, რომ რუსეთი „მსოფლიო ნაცისტების წინააღმდეგ ომში იმყოფება“ და რომ მას რუსი ხალხის მასობრივი მობილიზება სჭირდება.

დასავლეთი 9 მაისისთვის სხვა ვარიანტებად განიხილავს რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ანექსიას, ოდესისკენ შეტევას ან მარიუპოლზე სრული კონტროლის გამოცხადებას. ამასთან, არსებობს ნიშნები, რომ რუსეთი შესაძლოა გეგმავდეს ხერსონის ანექსიასაც.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, არსებობს საფუძვლიანი მიზეზი იმის ვარაუდის, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ 9 მაისი პროპაგანდისტური მიზნებისთვის გამოიყენოს.