„სიენენი“ - პენტაგონმა უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ რაკეტების გადაცემაზე თეთრ სახლს „მწვანე შუქი“ აუნთო, საბოლოო გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის მისაღებია
პენტაგონმა უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ რაკეტების გადაცემაზე თეთრ სახლს „მწვანე შუქი“ აუნთო, ახლა საბოლოო გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის მისაღებია, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
როგორც ამერიკული მედია ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, თავდაცვის დეპარტამენტმა შეაფასა მარაგები და დაასკვნა, რომ რაკეტების გაცემა მათზე უარყოფითად არ აისახება.
„სიენენი“ წერს, რომ, ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია, თუ როგორ შეძლებს უკრაინა ამ რაკეტების გაშვებას, რამდენადაც მათ გაშვება ძირითადად ხომალდებიდან ან წყალქვეშა ნავებიდან ხდება, „უკრაინის საზღვაო ძალები კი დასუსტებულია და საჭირო გახდება მათი ხმელეთიდან გაშვება და ამ გამშვები სისტემების უკრაინისთვის გადაცემაც“.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვეში, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლში იმყოფებოდა, დონალდ ტრამპმა თავი შეიკავა ვოლოდიმირ ზელენსკისთვის რაკეტების გადაცემაზე და განაცხადა, რომ „არ სურთ გასცენ ის, რაც ა.შ.შ.-ს თავის დასაცავად სჭირდება“.