„სიენენი“ - კურტ ვოლკერმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი სკეპტიკურად იყო განწყობილი ვლადიმირ ზელენსკის მიმართ
„სიენენი“ - კურტ ვოლკერმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი სკეპტიკურად იყო განწყობილი ვლადიმირ ზელენსკის მიმართ

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, კურტ ვოლკერმა კონგრესში მიმდინარე დაკითხვის დროს განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი სკეპტიკურად იყო განწყობილი უკრაინის მმართველის, ვლადიმირ ზელენსკის მიმართ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „სიენენი“ ავრცელებს, რომელმაც ვოლკერის მიმოწერა გამოაქვეყნა.

ტელეკომპანიის ცნობით, კურტ ვოლკერმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი უკრაინას კორუმპირებულ ქვეყნად მიიჩნევდა, რომელიც სავსეა „საშინელი ხალხით“.

გავრცელებული ინფორმაციით, ვოლკერმა კონგრესის კომიტეტს უთხრა, რომ ის აშშ-ის პრეზიდენტს მაისში შეხვდა და შესთავაზა მას, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მიეწვია, თუმცა ვოლკერის თქმით, ტრამპი იმ დროისთვის ზელენსკის მმართველობას სკეპტიკურად უყურებდა.

კურტ ვოლკერმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა 27 სექტემებრეს დატოვა. ამერიკული მედია წერს, რომ ვოლკერი სამსახურიდან მაშინ წავიდა, როდესაც ანონიმურმა წყარომ დონალდ ტრამპის და უკრაინის ლიდერ ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შესახებ საჩივარი დაწერა.