„სიენენი“ -კირილ დმიტრიევი, რომელიც საუდის არაბეთში აშშ-თან მოლაპარაკებაზე იმყოფებოდა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში ვაშინგტონში ჩავა და სტივ უიტკოფს შეხვდება
რუსი მომლაპარაკებელი კირილ დმიტრიევი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში ვაშინგტონში ჩავა და დონალდ ტრამპის წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ამერიკული ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეს იქნება რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენლის პირველი ვიზიტი აშშ-ში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
კირილ დმიტრიევი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩეველია და რუსეთის მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა საუდის არაბეთში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების დასაწყებად. კირილ დმიტრიევი ასევე მუშაობდა სტივ უიტკოფთან, ამერიკელი მასწავლებლის, მარკ ფოგელის რუსეთის ციხიდან გასათავისუფლებლად.
აშშ-ის მთავრობამ დროებით გააუქმა სანქციები კირილ დმიტრიევის წინააღმდეგ, რათა სახელმწიფო დეპარტამენტს მიეცა მისთვის აშშ-ში ჩასვლის ვიზა.
ჰარვარდის განათლებამიღებული კირილ დიმიტრიევი არის რუსეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც სანქციები ბაიდენის ადმინისტრაციამ დაუწესა უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით.