„სიენენი“ - ჯო ბაიდენმა ძაღლთან თამაშის დროს ტერფი დაიზიანა
„სიენენი“ - ჯო ბაიდენმა ძაღლთან თამაშის დროს ტერფი დაიზიანა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ძაღლთან თამაშის დროს ტერფი დაიზიანა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯო ბაიდენმა დაზიანება თავის ძაღლთან, მეიჯორთან თამაშის დროს მიიღო. მას თამაშისას ფეხი დაუცდა. ამის შესახებ ბაიდენის ექიმმა კევინ ო კონორმა განაცხადა. აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს კომპიუტერული გამოკვლევის შედეგად ტერფის ძვლის მცირე მოტეხილობა დაუდასტურდა, რის გამოც ბაიდენს რამდენიმე კვირის განმავლობაში სპეციალური ფეხსაცმლის ტარება მოუწევს.

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის ექიმთან ვიზიტის ვიდეო მიკრობლოგ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გააზიარა და ბაიდენს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

„სიენენი“ აღნიშნავს, რომ ჯო ბაიდენი, რომელმაც 78-ე დაბადების დღე 20 ნოემბერს აღნიშნა, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი გახდება.