„ბიბისი“ – ფრანკფურტში ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა მაღაზიები დაარბიეს, სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს
გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში საცხოვრებელი ხარჯების გაძვირების წინააღმდეგ დაწყებული აქცია მალევე ძალადობასა და მაღაზიების დარბევებში გადაიზარდა.
ახალგაზრდების ორგანიზებით მობილიზებული აქცია, ლოზუნგით „მმართველობას Gen Z საკუთარ ხელში იღებს“, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში დაფინანსების სიმცირის, ცხოვრების მაღალ ხარჯებისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის განახლების წინააღმდეგ იყო მიმართული.
„ბიბისის“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ დღისით დემონსტრაციები ძირითადად მშვიდობიანი იყო, ღამით ფრანკფურტში ვითარება დაიძაბა. დაიწყო მაღაზიების დარბევა და ძარცვა, ვიტრინების ჩამსხვრევა, პოლიციასთან შეტაკებები და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა. სამართალდამცველებმა ფრანკფურტის ერთ-ერთი ცენტრალური სავაჭრო ქუჩა გადაკეტეს და დაკავებები დაიწყეს.
ჰესენის მხარის შინაგან საქმეთა მინისტრის, რომან პოზეკის განცხადებით, მშვიდობიან აქციას დაახლოებით 100-მდე მემარცხენე ექსტრემისტი შეერია, რომელთაც არეულობა გამოიწვიეს.
ფრანკფურტის გარდა, აქციები გაიმართა და ინციდენტები დაფიქსირდა ბერლინში, კელნსა და ჰამბურგში, სადაც სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად, რომლებიც საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებსა და მეხანძრეებს ქვებსა და ბოთლებს უშენდნენ, წყლის ჭავლი გამოიყენეს.