„სიენენი“ - ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ „ავიაგამანადგურებლების კოალიციას“ შეუერთდება, რომელიც უკრაინელ მფრინავებს მოამზადებს
„სიენენი“ - ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ „ავიაგამანადგურებლების კოალიციას“ შეუერთდება, რომელიც უკრაინელ მფრინავებს მოამზადებს

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იაპონიაში გამართულ დიდი შვიდეულის სამიტზე დაადასტურა, რომ ამერიკა „საბრძოლო თვითმფრინავების კოალიციას“ შეუერთდება, რომელიც უკრაინელ მფრინავებს დასავლური გამანადგურებლების გამოყენებაში მოამზადებს.

„სიენენის“ ცნობით, უკრაინელი მფრინავების წვრთნები ევროპაში ჩატარდება, თუმცა მასში ევროპელ პარტნიორებთან ერთად ამერიკული პერსონალიც მიიღებს მონაწილეობას.

ტელეკომპანიის წყაროს ინფორმაციით, ამჟამად შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად ორიენტირებულნი არიან უკრაინისთვის გაზაფხულზე და ზაფხულში შეტევითი ოპერაციების ჩასატარებლად საჭირო სისტემებისა და იარაღის უზრუნველყოფაზე.

„დისკუსიები უკრაინის საჰაერო ძალების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ასახავს ჩვენს გრძელვადიან ვალდებულებას უკრაინის თავდაცვისთვის“, – აღნიშნავს აშშ-ის ოფიციალური პირი „სიენენთან“ საუბრისას.

რამდენიმე დღის წინ ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ის არ იქნებოდა წინააღმდეგი, თუ რომელიმე ქვეყანა უკრაინას ამერიკული წარმოების F-16 ტიპის გამანადგურებლებს გადასცემდა.