„სიენენი“ - ჯო ბაიდენის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ბოლო პერიოდში მიწოდებული იარაღი კონტრშეტევისთვის იყო განკუთვნილი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი უკრაინელ სამხედროებს იმ კონტრეშეტევისთვის ეხმარებოდნენ, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. ინფორმაციას „სიენენი“ თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სიენენის“ წყაროს განცხადებით, უკრაინამ ჯერ კიდევ თვეების წინ სთხოვა აშშ-ს იმ ტიპის იარაღის მიწოდება, რომელიც აუცილებელი იყო სამხრეთ რეგიონებში კონტრშეტევისთვის. აშშ-მა კი, უკრაინის თხოვნის დიდი ნაწილი შეასრულა და სხვადასხვა ტიპის შეიარაღება გადასცა, რომელიც კიევმა აქამდე გამოყოფილი დახმარებების სახით ბოლო ორი თვის განმავლობაში მიიღო. კერძოდ, უკრაინამ მიიღო საარტილერიო სისტემები და „ჯაველინები“. მედიის ცნობით, დახმარების პაკეტები ისე იყო გათვლილი, რომ არ ყოფილიყო ცნობილი, კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს რომ მოიცავდა.
„სიენენის“ ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გენერალი მარკ მილი რეგულარულ კონტაქტზე იყვნენ უკრაინელ კოლეგებთან, იმისთვის, რომ ზუსტად განესაზღვრათ, კონკრეტულად რა ტიპის შეიარაღება სჭირდებოდა უკრაინას ბრძოლის ველზე.