„სიენენი“ - ჯო ბაიდენის კერძო სახლში კიდევ ხუთი საიდუმლო დოკუმენტი აღმოაჩინეს
„სიენენი“ - ჯო ბაიდენის კერძო სახლში კიდევ ხუთი საიდუმლო დოკუმენტი აღმოაჩინეს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კერძო სახლში კიდევ ხუთი საიდუმლო დოკუმენტი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ ავრცელებს.

თეთრი სახლის იურისტებმა დოკუმენტები უკვე გადასცეს იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს.

როგორც „სიენენი“ იუწყება, ახლად აღმოჩენილი საიდუმლო დოკუმენტები, საერთო ჯამში, ექვსი გვერდია.

აშშ-ის პრეზიდენტი და მისი თანაშემწეები დოკუმენტების შინაარსთან დაკავშირებით კითხვებს არ პასუხობენ.

გავრცელებული ცნობით, საიდუმლო დოკუმენტები ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს არის შექმნილი. ბაიდენის სახლსა და ანალიტიკურ ცენტრში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აშშ-ის მთავარმა პროკურორმა საქმის გამოსაძიებლად სპეციალური პროკურორი დანიშნა. ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ იუსტიციის დეპარტამენტთან სრულად თანამშრომლობენ.