„სიენენი“ – ირანში საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს ორი მამაკაცი, რომლებსაც ქვეყნის მასშტაბით ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობა ედებოდათ ბრალად

15:40, 28.07.2026

ირანში საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს ორი მამაკაცი, რომლებსაც ქვეყნის მასშტაბით ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობა ედებოდათ ბრალად. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ აშშ-ში დაფუძნებულ „ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოზე“ (HRANA) დაყრდნობით ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, აბოლფაზლ სეპაჰი ბადჯანი და ამირჰოსეინ საფარი ჰოსეინაბადი თეირანში, ალი ხანის მოედანზე დასაჯეს სიკვდილით.

ორივე მამაკაცი მიმდინარე წლის დასაწყისში ისპაჰანში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ დააკავეს. ისინი იმ 14 პირს შორის იყვნენ, რომლებსაც ამავე საქმეზე სიკვდილით დასჯა მიესაჯათ.

ირანის ხელისუფლება მათ უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ განხორციელებულ „სასიკვდილო ძალადობაში“, ცეცხლსასროლი იარაღისა და ცივი იარაღის, ასევე ცეცხლგამჩენი საშუალებების გამოყენებაში, სახელმწიფო ქონების დაზიანებასა და დაღუპულთა ცხედრების დაწვაში ადანაშაულებდა. როგორც „სიენენი“ წერს, აშშ-ში დაფუძნებულ „ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოში“ აღნიშნავენ, რომ ამ ბრალდებების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლეს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ადვოკატებს საქმის მასალებზე შეზღუდული წვდომა ჰქონდათ, ხოლო მსჯავრდებულთა ოჯახებს სასამართლოს გადაწყვეტილების სრული დეტალები არ მიეწოდათ.

ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ ეს საქმე უნდა განიხილებოდეს იმ ფონზე, როცა საერთაშორისო უფლებადამცველი ჯგუფები წლების განმავლობაში ირანის ხელისუფლებას ეროვნული უსაფრთხოების საქმეებზე იძულებითი აღიარებითი ჩვენებების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის გამოყენებაში ადანაშაულებენ. ირანის ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს.

მსგავსი