„სიენენი“ - ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 116 ადამიანი დაიღუპა
„სიენენი“ - ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 116 ადამიანი დაიღუპა

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 116 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

აშშ-ში მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის მონაცემებით, საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა შორის 38 უსაფრთხოების თანამშრომელია.

მედიის ცნობით, აქციებისას დაკავებულია, სულ მცირე, 2 638 ადამიანი.

აშშ-ში მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის მონაცემებით, საპროტესტო აქციებმა ირანის 31 პროვინციის 185 ქალაქი და დასახლება მოიცვა. პარალელურად, უკვე 36 საათზე მეტია, რაც ირანში ინტერნეტი გათიშულია. ირანის კომუნიკაციების სამინისტროში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება „ქვეყანაში არსებული ვითარების“ გამო მიიღეს.

ირანში საპროტესტო აქციები უკვე 14 დღეა, გრძელდება. თავდაპირველად თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. შემდეგ მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ.