„სიენენი“ - ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე გადარჩენილები ვერ იპოვეს
ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე გადარჩენილები ვერ იპოვეს. ინფორმაციას „სიენენი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, თავდაპირველად მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამასთან, მოგვიანებით ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი „მძიმედ დაეშვა“. მედიის ცნობით, რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა კაშხლის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.
ვერტმფრენში, პრეზიდენტის გარდა, ცხრა პირი იმყოფებოდა, რომელთა შორისაც იყო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანიც.
ირანის თხოვნის საფუძველზე, დახმარება თურქეთმა და რუსეთმა გააგზავნეს. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ირანში ღამის ხედვის სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენი, 32 მაშველი და ექვსი მანქანა გაგზავნეს. ხოლო რუსეთმა სპეციალური თვითმფრინავი და 50 მაშველი გააგზავნა.